ესეც ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია!
ვაჟა-ფშაველა
(1861-1915)
ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ აბა რა სიკეთე იქნებოდა იმ სასწავლებლიდან, სადაც ბავშვი საკუთარ მეობას, ეროვნებასა და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.
სემიანარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. როგორც ამბობენ, ჯან-ღონე კი დიდი ჰქონდა, მაგრამ მეურნის გონება კი - არა, რადგან მისი ფიქრი სულ სხვაგან ჰქროდა. როცა „თავისი ანგელოზები“ ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია და უპასუხნია: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა. ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.
ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან (დავით კლდიაშვილი).
მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როცა კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე აასვენეს, რადგან ტიციან ტაბიძისა არ იყოს „მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას“.