ეს არის რამოდენიმე ხალხური ლექსი! წაიკითხეთ აუცილებლად მოგეწონებათ! ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს სამშობლო, თავის ერია, არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია!
არ გადიწყვიტოს იმედი, არ შეიცვალოს ფერია, თორემ დაგმობს და დასწყევლის მოძმე და მთელი ერია!
კიდევაც დაიზრდებიან
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი შესჭამონ მტრისანი. თქვენი ჯერია, ბიჭებო, ხელი დაიდოთ ხმალზედა, თორემ ყორნები ძღებიან წინაპართ ნაომარზედა. ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი, ომშიაც კი ნახვენ ლხინსა, მტერსა მტრულად დახვდებიან, მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.
თამარ მეფე და ხონთქარი
თამარ მეფე და ხონთქარი მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა, ზღვაში ჩაუშვა ხომალდი, ზედ ალმასები დაჰკიდა, შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი მრავალ წყალობას დაჰპირდა.
თხას უთხრეს
თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა! თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. - თხაო, ნუ გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა. იმას რომ დარჩა ლეკვები, ისინიც მგლებად მაიქცა.
შავლეგო
შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო, სისხლში გაგიხამებია, შავლეგო, ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო, მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო, მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო, შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.
სერზე მიდის სამი მგელი
სერზე მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი, ერთმანეთს ეუბნებიან: „ჭალას არის ლურჯა ცხენი, ერთმა თავსა დავურბინოთ, ორმა გავას გავკრათ ხელი, პატრონს კაცი გავუგზავნოთ, ნუღარ უნდა ბზე და ქერი. მოდი, ნალები წაიღე, წალდი გამოგივა მჭრელი, ძუა-ფაფარი წაიღე, საცერი დაგეწვნის სქელი.“
ეს არის პატარა ლექსები
* * *
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა. თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა.
* * *
არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა.
* * *
ეკლის ადგილზე ამოსვლა ეკლისა არის წესია მოხუცი მომკის იმასვე, რაც სიყრმით დაუთესია.
* * *
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა, კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი, არც თავის დედასა. * * *
წუთისოფელი ასეა, - ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია.
* * *
წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება, რასაც ვაამებთ ურთიერთს, იმის მეტი რა შაგვრჩება? სამი ადლი ტილოს მეტი, სამარეში რა ჩაგვყვება?