რევაზ ინანიშვილი-ჩემი წარმომავლობა - 7 დეკემბერში 2008 - პირადი საიტი
ოთხშაბათი, 2016-12-07, 1:30 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი
200

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3250

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 7 » რევაზ ინანიშვილი-ჩემი წარმომავლობა
რევაზ ინანიშვილი-ჩემი წარმომავლობა
8:16 AM
                            ეს არის რევაზ ინანიშვილის ძალზედ საინტერესო მოთხრობა! 
ჩემი წარმომავლობა

 

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. 

წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, მერე - თვითონ ჭალა, მერე - რიყე და რიყეში - ცისფერი ყაჭივით წაღებული იორი. 

ფერდობში ახლა კომშები, ქლიავები, ალუბლები და პატარა კაკლები დგას, ადრე კი, ჩემს ბავშვობაში, თელები, მუხები, ხეშავები და ბებერი წნორები იდგა. წნორები არხის ნაპირას იყო გაყოლიებული, იმათი ტოტები მეორე ნაპირზე გადადიოდა. არხი დიდი იყო, წმინდა წყლით გალიცლიცებული, წყალი ტანად კაცს საცვლის უბემდე სწვდებოდა. ზაფხულობით, ცხელ დღეებში, ბანაობდნენ არამარტო ბავშვები, დიდებიც - კაცებიც და ქალებიც. ქალები საღამო ხანზე შებინდებულში, თანაც ტანსაცმლიანები, ხმაურით - წყლის დგაფუნით და შეკივლებებით. ბანაობის შემდეგ შემცოდეებივით სახემორიდებულნი გარბოდნენ თავთავიანთი სახლებისაკენ. წნორების ფესვებში ცხოვრობდნენ წყლის ვირთაგვები, შავად მოლივლივენი, ბრჭყვიალა დაცეცებულთვალებიანები. რამდენჯერმე მინახავს წავიც - დიდი თეთრი თევზით პირში. ახლაც სიამოვნების ჟრუანტელს მგვრის არხის დაჩრდილული ნაპირებისა და ფეხისგულებზე სილიანი ფსკერის შეხების გახსენება. 

შემოდგომაზე, ყვითელ ოქტომბერში, ამოიტანდა ბებია ვედროებით არხის წყალს და მეტყოდა, - უკვე თოფოლი მოდის, თევზი ზღვისკენ დაიძრა, ამაღამ კოკოზა ჩაუგეო. მე პატარა, გამხდარ, დიდთავა ბიჭს - სიხარულის ჩოჩქოლი შემიდგებოდა. მზის ჩასვლისას დერეფნის ბუხარში დანთებულ ცეცხლზე გავახურებდი ნალისოდენა ხმელ პურს. ჩავიტანდი კოკოზას არხთან, ჩავაწყობდი შიგ, სიმძიმისათვის, ქვებს, დავუგმანავდი ბალახის ბღუჯით ბოლოს, გავუხლართავდი წნელსაც, გახუხულ პურს კოკოზის საძრომში ხელშეყოფილი ჩამოვკიდებდი ჩანგალივით დაკიდებულ მავთულზე, კარგად ჩავიდოდა მზე, ერთს ვიტყოდი, - ღმერთი და ბედო! - კოკოზას ფრთხილად ჩავუშვებდი წნორის ფესვებთან, დამდორებულ წყალში (პირთავქვე, მცურავი რომ არ შესულიყო შიგ) და ორი წნელით მივაბამდი ფესვებზე. 

სანამ ავდგებოდი, ერთხელაც ვიტყოდი, - ღმერთო და ბედო! - გადმოვიდოდი ცოტა უკან, ამოვეფარებოდი ბუჩქს და ვიყავი იქ სულგანაბული შებინდებამდე, - კოკოზას ვყარაულობდი, ვინმეს რომ არ ამოეღო, - შებინდდებოდა და პატარა, ბავშვურ შიშზე გამარჯვებული, აღმართზე ამოქაქანებული ამოვიდოდი შინ. 

ღმერთო, თან რა საამაყო იყო ის შიშიც! 

მოდიოდა, მოლივლივებდა ერთი შეხედვით მორჩილი, თვინიერი წყალი. ციმციმით მოჰქონდა ყვითელი ფოთლები და პატარ-პატარა თეთრი ბუშტები, მაგრამ იმ ბუშტებიდან ფსკერამდე წყალი სავსე იყო იდუმალი მოძრაობებით, - ჩემკენ შემობრუნებულნი ჩერდებოდნენ მდუმარე, დაფიქრებული თევზები, ჩალის გრძელ ღეროებს ქვემოთ ეწეოდნენ ჩრდილებივით დაგრძელებული რაღაც ტანრბილი არსებები (სინამდვილეში ხავსები), ჭრაჭუნობდა, თითქოს პირის გახსნას ალმობდა მიწა, ბუჩქნარებში კი ჩემსავით გატრუნულები იდგნენ თავგლეჯელები... 

ადრე დავწვებოდი, მაგრამ გვიანობამდე ვერ დავიძინებდი, ლოგინში უფრო მაკრთობდა იმ ჩაბინდული წყლისა და მისი ნაპირების წარმოდგენა. თანაც იყო სიხარულის შუქიც. ამ შუქში ვეწეოდი კოკოზას და გაჰქონდათ გულგასახარი ფათქაფუთქი თევზებს. როდის-როდის ჩამეძინებოდა და თითქოს სულ მალე მხარზე ხელ დამადებდა ბებიაც. 

- ადექი, გათენდა, ამოიღე ის შენი კოკოზაო. 

მართლაც გათენებული იყო ხოლმე. წამოვხტებოდი, ფათიფუთით ჩავიცვამდი, ჩავირბენდი თრთვილითა და მკვრივი ცივი ჰაერით გამოვსებულ ფერდობს, ჩავიჩოქებდი წნორის ფესვებთან, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, - ღმერთო და ბედო! - ხელებაკანკალებული ავხსნიდი წნელებს, ამოვწევდი, პირს ამოვუჩენდი კოკოზას, და თუ ფართხალი და დგაფუნი შემომესმებოდა, გადმოვვარდებოდი უკან, გადმოვიყოლებდი კოკოზასაც - სწრაფად გამოვაცილებდი წყალს. 

ულამაზესი სურათი ბავშთათვის - ქვებზე მოხტუნავე ფრთებგაშლილი თევზები! 

იყო შემთხვევები, რომ ჩემი წყრთის სიგრძე ჭანჭრები და მურწები დამიჭერია, ზოგჯერ ოთხი-ხუთი ერთად. 

არა მგონია, რომელიმე სარდალს ემაყოს ბრძოლის მოგებით ისე, როგორც მე მეამაყებოდა იმ ოთხი-ხუთი თევზის შინ მიტანა. 

სუნთქვაშეკრული, ბედნიერენისგან სახეგაბრწყინებული დავუდგამდი ბებიას კოკოზას წინ. ბებია ჩაიხედავდა შიგ, რაღაც უბრალოდ, კეთილად გაეღიმებოდა, - ეს ღიმილი მერჩივნა ყოველგვარ შექებას, - ამოიყვანე და გამოწელეო, - მეტყოდა და თვითონ თავის საქმეს მიუბრუნდებოდა, მთლად შავად შემოსილი, კვამლივით უხმაუროდ მოძრავი, ტრიალებდა ცეცხლთან, შედიოდა მარანში, გამოდიოდა, გამოჰქონდა ან შეჰქონდა სხვადასხვა რაღაცეები, ტუჩების ცმაცუნის, ხმელი თითების ერთმანეთზე მიდებით და მერე გაქნევით აპკურებდა ცივ წყალს ცეცხლიდან ის-ისაა გადმოდგმულ მოხარშულ თევზს, და მეჩვენებოდა, რომ ბებია გრძნეული ქალი იყო, კეთილი გრძნეული ძალისა, - ის განაგებდა ყველაფერს (ჩვენს ოჯახში კაცები აღარ იყვნენ), განაგებდა ცეცხლის პარპარს, ხეებიდან ფოთლების ჩამოცვენას, ამინდის ცვალებადობას, ბალახების ამოსვლას... 

დაიჭექებდა, ჩამოტყდებოდა ციდან მეხი, მე აკანკალებული მივეკვრებოდი ბებიას, ის მეტყოდა, - ნუ გეშინია, შენ ოთხივ კუთხით ჯვარი გწეირა, - და აღარ მეშინოდა. 

ერთხელ, ჭალის ვენახში მიმავალნი, ის წინ მიდიოდა, მე უკან, - უცებ შეჩერდა და, თითქოს ურჩ პატარა ბავშვს უწყრებაო, დაიძახა: 

- ადექი, წადი აქედან! რას დაწოლილხარ ზედ შუა ბილიკზე! 

მივახლოვდი და დავინახე, რომ მძიმედ, თითქმის ნებივრად შეითრია ვეება რუხმა გველმა მაღალ ბალახებში კუდი... 

მე იმ კეთილი გრძნეული ქალის საგანმგებლოდან ვარ. მისი ნებით ათრთოლებული ფოთლებიდან და ბალახებიდან მოვედი თქვენთან. უმჯობესია, ხელი არ მახლოთ და არ გამისინჯოთ უბე.

კატეგორია: სხვა. | ნანახია: 2630 | დაამატა: geo-lit | რეიტინგი: 4.7/12 |
სულ კომენტარი: 2
2  
chemma maswavlebelma damavala sxa vin iqneboda aba

1  
kaia sp ro aq daaagdet gijma maswavlebela damavala datvalebi dametxara :D:D:D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz