ოტია იოსელიანი-ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი - 7 დეკემბერში 2008 - პირადი საიტი
ოთხშაბათი, 2016-12-07, 1:30 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი
200

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3250

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 7 » ოტია იოსელიანი-ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი
ოტია იოსელიანი-ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი
8:20 AM

ოტია იოსელიანი
ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი

ვიარე და ვიარე. ცხრა მთა გადავიარე და ერთ ქალაქს მივადექი. პაპანაქება იდგა, პირდაპირ ტვინი ამიდუღდა. ქუჩებში მაინცდამაინც არავინ ჩანდა, ალბათ სიცხეს ემალებოდნენ. 

ერთი დიდი შენობის წინ, გზის გადმოღმა ტოტებგაჯაჯღულ ხეს შევაფარე თავი. გალია მაღლა შემოვდგი, მტვრიან ბალახზე ჩავჯექი და ხეს ზურგით მივეყრდენი. ვზივარ, ვისვენებ და თვალს ვალევნებ, რა ხალხია, რა უჭირთ და რა ულხინთ. ვიღაც ფაშფაშა ქალი ვეება კალათს მოათრევს. ვიღაც ჭარმაგი კაცი სახლების ჩრდილებს მიჰყვება, რომ მზემ დაალხოს. 

წეღან ქალაქის შემოსასვლელში წყალი დავლიე, რაღაცა ხმიადიც მქონდა, სული ჩავიბრუნე, მტრედებიც დავაპურე და ახლა გრილოში რომ ფეხი მოვირთხი, ჩამთვლიმა კიდეც, ქუჩის მოსახვევს იქით, ბიჭების კინკლაობის თუ ჩხუბის და ყიჟინის ხმა მომესმა. აქაური ბავშვები ნეტავ რაზე დაობენ-მეთქი - თვალები დავაჭყიტე. ჯერ კიდევ არავინ ჩანდა, მაგრამ ხინჩალაზე მივხვდი, ვიღაცა ვიღაცას საშველს არ აძლევს. 

- დამანებე თავი, რას გადამეკიდეო! - წუწუნებს ერთი და უძალიანდება. 

მეორე უსაშველოს უჩენს. 

- გინდა თუ არა, გამომყევი, აგერ, ორ ნაბიჯზეა... რა წელი გწყდებაო! 

- სიცხეა, მერე იყოსო, - თავის დაძვრენას აპირებს პირველი. 

- არა, ახლავე, ამ წუთას! მასე ვიძახე: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და ხომ იცი, რაც დამემართაო... 

„არ იქნება!“ „კი იქნება!“ „გამიშვი!“ „არ გაგიშვებ!“ მოსახვევიდან კარგა გარუჯულმა მოკლეშარვლიანმა ბიჭმა მეორე თავისი ტოლი, ფუნთულა, თეთრშარვლიანი ბიჭი გულისპირში ჩაფრენილი გამოათრია. ფართო გზაზე რომ გამოიყვანა, სხარტად ზურგში მოექცა და მოაწვა, ეს ჩათუნთულებული, თეთრი ბიჭი, ორთქლმავალი რომ წინ გამოგდებულ ვაგონს გამოაგორებს, ისე მიარბენინა გზის გადაღმა შენობასთან. 

- გამიშვი! ახლა მაინც დამანებე თავი! - კინაღამ ატირდა თეთრშარვლიანი. 

- ჩააგდე, ჩემს თვალწინ ჩააგდე და დაგანებებ!.. 

ფუმფულა ბიჭმა ჯიბიდან რაღაც ცისფერი ქაღალდი ამოიღო, კონვერტს მივამგვანე, თითის წვერებზე აიწია და იქვე კედელზე მიმაგრებულ ყუთში ჩაუშვა. 

შავშარვლიანმა მაშინვე მიატოვა, გაიქცა, რომელიღაც სხვა მოსახვევში შეუხვია და თვალთაგან გაქრა. 

ნეტავ რა წერილი ჩააგდებინა ასე ძალისძალად, ამ კეთილ, თეთრ ბიჭს მის გაგზავნაზე რომ წელი წყდებოდა? 

დაღლილს ისევ ჩამთვლიმა, რომ ხელახლა ჭიჭყინის და ყაყანის ხმამ გამომაღვიძა. ერთი იმათგანი, ისევ ის შავშარვლიანი, შავად გარუჯული ბიჭი უნდა ყოფილიყო, მეორე მჩხავანა კატის ხმით გაიძახოდა: 

- რა გინდა შენ! ვინ გკითხავს შენ, რა შენი საქმეა! 

- წამოდი, რომ გეუბნები, მე შენ! გამოადგი ფეხი! - ბრძანებლობდა ისევ გარუჯულ-გახუხული, და მართლაც, იმ მოსახვევიდან, სადაც ჩემს ჩაძინებამდე მიიმალა, ახლა მწითური, მდუღარის დანასხამზე რომ კანი აგეთუთქება იმ ფერის ცისფერშარვლიანი ბიჭი გამოათრია, ისევ ჩემ წინ აღმართული შენობისაკენ წამოიყვანა ჯიკავ-ჯიკავით. 

- რა გინდა შენ! - ჩხაოდა ატლასის ცისფერშარვლიანი, - იმ კვირაში ხომ გამაგზავნინე! 

- მას აქეთ მთელი შვიდი დღე გავიდა! 

- მერე, შენ ვინ გკითხავს? 

- ალბათ, მკითხავს. მიდი, მიდი, რომ გეუბნები! 

- არ წამოვალ! 

- წამოხვალ! - უბიძგა და უბიძგა გარუჯულ-გახუხულმა და კინაღამ ქვაფენილზე დაანარცხა. სანამ ისიც ყუთთან არ მიიყვანა და არ ჩააგდებინა ცისფერი ქაღალდი, საშველი არ მისცა. 

ამის მერე დაჰკრა ფეხი, ახლა ქუჩის აქეთა მხარეს გადმოირბინა და გაუჩინდარდა. 

რას აკეთებს ეს ბიჭი, რატომაა ძალისძალად რომ მოერეკება ამ ბავშვებს და რა ქაღალდებს და რა წერილებს აყრევინებს ამ საფოსტო ყუთში, კაცმა არ იცის. 

ალბათ, ასე თხუთმეტი-ოცი წუთი გავიდა, რომ ახლა თმებში ჩაფრენილი, ისეთი ლურჯთვალა, გრძელწამწამებიან და ლურჯკაბიან გოგონას ექაჩება, პირდაპირ საცოდაობით დავიწვი. ბიჭს გრძელი, შავი ნაწნავები დაუხვევია მკლავზე და გაძალიანებულ ხბოსავით თავწადრეკილი გოგო საფოსტო ყუთისკენ მიჰყავს. 

„ვინაა, კაცო, ეს გადარეული, რომ მთელი ქალაქის ბავშვებს იბრიყვებს და ძალით აგზავნინებს, ვინ იცის, რა საძაგელ წერილებს!“ - ვფიქრობ, მაგრამ სხვა ქვეყანაში რომ ვარ და აქაური ზნე-ჩვეულება არ ვიცი, ამიტომ ვიკავებ თავს. 

ჩააგდებინა იმ გასაცოდავებულს ბარათი ყუთში. უშვა ხელი ნაწნავებში და ისიც იქვე მიატოვა. გოგო მაინც გაეცილებინა სახლამდე. იშვირა ფეხი და ამჯერად ქუჩის იმ მხარეს მიაშურა, საიდანაც მე ამ ქალაქში შემოვედი. 

გოგონამ ცრემლმორეული თვალები ხელის ზურგით ნაზად შეიშრო და პატარა მოსირმული ქოშების კახა-კუხით სახლისკენ გასწია. აბა, ამ თავზეხელაღებული, გარუჯულ-გახუხული ბიჭივით, გაგანია სიცხეში ქუჩა-ქუჩა ხომ არ იტანტალებდა. 

იმ ყაჩაღანას ცოტა კი შეაგვიანდა, მაგრამ ახლა ქალაქის შემოსასვლელის მხრიდან გამოჩნდა. მასზე ბევრად მაღალ, კაფანდარა ბიჭს მოერეკება. 

- დედას ვფიცავ, ხვალ დილით, სიგრილეში გავაგზავნი! - ალალად, საწყლად არწმუნებს მაღალი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ყაჩაღანა თავისას არ იშლის. 

- ამ წუთას, ახლავე! რომ გეუბნები!.. 

- მაშინ საღამოს, აგრილებულში... ვერ ხედავ, რა პაპანაქებაა, მზე დამსიცხავს, ხომ იცი, დედისერთა ვარ! 

- არ ვიცი, ახლავე, ამ პაპანაქებაში! - უჯღავის შავშარვლიანი. 

მაღალ ბიჭს ყუთთან ფეხის წვერებზე აწევა არ დასჭირვებია. 

როცა მოძალადე კვლავ გაუჩინარდა, დაბნეულმა კაფანდარამ, მზემ არ დამკრას, დედისერთა ვარო, თავზე გრძელი ხალათის კალთა წაიფარა და სახლისაკენ მოცოცხა. 

როდის-როდის ქალაქში ვიღაც-ვიღაცეები გამოჩნდნენ. ამასობაში ამ თავზეხელაღებულმა კიდევ სამი აწიოკებული გოგო და ერთუ თურაშაულის ვაშლივით ლოყებდაბრაწული ბიჭი მიათრია ყუთთან. 

ბოლოს, როგორც იქნა, კუდდატკეპნილი მამალივით, ზიზილ-პიპილებიანი პოლიციელი გამოიშტიმა, ალბათ, მანამდე სადღაც ჩეროში იყო თავშეფარებული. 

აბა, ამას კი მოვახსენებ ყველაფერს-მეთქი, და წამოვდექი. მოდის პოლიციელი, ქვეფენილზე მოარაწკუნებს დეზებს. 

- უფროსი, ერთი თუ შეიძლება... - წარვუდექი წესრიგის დამცველს. 

- ვინ ბრძანდებითო? - ამხედ-დამხედა, მამალი რომ ღობეში გამომძვრალ მეზობლის წიწილას შეხედავს, ისე. 

- მოგზაური ვარ, - ავუხსენი მე. 

- საბუთები? 

მე მტრედებიანი გალია დავანახვე. 

- აჰა, სამშვიდობოდ მოსულხარ... - შავ ულვაშებზე გადაისვა თეთრთათმანიანი ხელი. 

- მე კი მოვედი სამშვიდობოდ, მაგრამ თქვენ აქ რა აგირევ-დაგირევიათ? - გულზე ვიყავი გასიებული ამ გარუჯულ-გახუხული ბიჭის საქციელით და ვერ მოვითმინე. 

- რავა, რაიმე უწესრიგობა შენიშნეთ? - დაინტერესდა მამალი... უკაცრავად, პოლიციელი. 

- აბა, რას ჰგავს ეს, აგიშვიათ თავხედი ლაწირაკი და მთელი ქალაქის ბავშვებს დარევია. აი, ხედავ! - ვიყვირე, რაკი სწორედ დაბარებულივით გამოათრია, ქუჩის გასათავარიდან, ისეთი ოქროსფერთმიანი გოგონა, მზეთუნახავი გეგონებოდა, და წინ კინწისკვრით გამოიგდო. 

- ოო, ეგ ხომ ჩვენც ვიცით... 

- თქვენ იცით და დამშვიდებული უყურებთ ამ საძაგლობას? 

- რა ვქნა, გენაცვალე, ქალაქის მუნიციპალიტეტის ბრძანებაა... 

- რა ჯანდაბის მუნიციპალიტეტია ასეთი, რომ ეს ხულიგანი აქაურ ბავშვებს სიცოცხლეს უმწარებს! 

- რა გვექნა, ეს ბიჭი ძალიან დაჯავრიანებულია. არც კი ვიცით, ასეთ დიდ მწუხარებას როგორ გადაიტანს. 

- ვინ, ეს თავხედი?! 

- დიახ, დიახ, ეს ასეთი კი არ იყო, ისეთივე უწყინარი და სათუთი ბიჭუნა იყო, როგორც აი ის მზეთუნახავი გოგონაა, თმით რომ მოათრევს. 

- რას ჰგავს ეს... 

- აგერ, ჩრდილში მოდი და შენს მტრედებთან ერთად ვიღუღუნოთ. 

- ღუღუნის დროა! ააწიოკა ამ ყაჩაღანამ მთელი ქალაქი! 

- ამ ბიჭუნას, შორს, გაუკაცრიელებულ სოფელში ბებია ჰყავდა. თქვენს ქვეყანაშიც ხომ ტკბილია ბებია? - მკითხა პოლიციელმა. 

- რა თქმა უნდა, ბებია თუა ტკბილი, სწორედ ჩემს ქვეყანაშია! - ვუპასუხე გაგულისებულმა. 

- არ შეიძლება ისეთი ტკბილი ბებია, როგორიც ჩვენთანაა... 

- პირიქით, ჩვენთან რომაა, ისეთი აქ არ იქნება. 

- თქვენ ცდებით... 

- არაფერს არ ვცდები! - გული პირდაპირ ყელში მომებჯინა. 

- არა, იმიტომ კი არა... - დამიყვავა პოლიციელმა, - არ შეიძლება უკეთესი და იმიტომ. 

- კარგი, ჯანდაბას შენი თავი... მერე, მერე! 

- მერედა, ამ ბიჭსაც ჰყავდა პირდაპირ შარბათივით ბებია, რომელიც სულს ლევდა შვილიშვილისთვის. 

- ასეთი შვილიშვილისთვის, ბავშვებს რომ არბევს?! 

- ხომ გითხარით, ეს ასეთი კი არ იყო. 

- ანგელოზი არასოდეს არ იქნებოდა, - თავი გადავაქნიე ურწმუნოდ. 

- რაც იყო, მე უფრო არ ვიცი? 

- ჰო, ჰო, იცი, მერე? 

- მერე და, ბებია შორს იყო, მარტოდმარტო. ელოდა შვილიშვილს წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე: ყოველდღე, ყოველ საათს მიჩერებული იყო ფოსტალიონზე, წერილი მაინც მომწეროს ჩემმა სიხარულმაო. ბიჭი კი იჯდა ჩრდილში, ჭამდა ნაზუქს. დღისით აქ ძალიან სიცხე იცის. იძინებდა. აგრილდებოდა, თამაშობდა, არავის არაფერს აწყენინებდა; ბანაობდა აბაზანაში... ძალიან გამგონე ბიჭი იყო და ჭამდა უზომოდ... ბებია კი ელოდა, ელოდა, მოექცა თვალები, ვერაფერი ამბავი ვერ გაიგო. ძალიან რომ გაუჭირდა, დაადგა გზას. წამოუღო ხილი, ხაჭაპურები, ყურძენი, ქიშმიში, ჩურჩხელები, დაკლული ინდაური... 

- როგორც ჩვენმა ბებიებმა იციან, - ჩავერიე... 

- ერთი სიტყვით, ყველაფერი. - განაგრძო პოლიციელმა. - გამოსწია პაპანაქებაში. მოხუცი იყო მოლოდინით ქანცგაწყვეტილი. დაუჯერებელია, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, მაინც მოაღწია... აი, იქ ცხოვრობენ მაგ ბიჭის მშობლები, - პოლიციელმა ხელი გაიშვირა. მე იქით არ გამიხედავს. - ძლივს მიიტანა სახლამდე სული. დაინახა შვილიშვილი. „მოდი, ბებიას სიხარულოო“, - ამოიკვნესა საცოდავმა. ბიჭმა კი ვერ იცნო, დიდი ხანია არ ენახა, არც წერილი მიეწერა. სხვათა შორის, ერთი შეხედვით ვერც ბიჭის მამამ იცნო. ბებიამ: რაღაა ჩემი სიცოცხლე, თუ ჩემი შვილი, შვილიშვილი და მომავალი არც კი მცნობსო და იქვე, კარის ზღურბლზე დაეცა და დალია სული. 

- მოკვდა? 

- მოკვდა, აბა რამდენს გაუძლებს ადამიანი. იცოცხლე, მერე კი გაიგეს, ვინც იყო და წაიშინეს თავში ხელი, უბერეს სული და უკმიეს გუნდრუკი, მაგრამ მკვდარს თქვენში შველის ვინმე? 

- ვერა. 

- ვერც ჩვენში... დაჯავრიანდა ბიჭი, ჩავარდა ლოგინად, მისცა სიცხე: მე მოვკალი ბებიაო, - ამბობდა. თუ გადარჩებოდა, არ გვეგონა. ცოტა რომ მომჯობინდა, წერილების წერა დაიწყო. აგზავნის და აგზავნის სოფელში, მაგრამ ბებია საიქიოს იყო და საიქიოსთან ჩვენი ფოსტაც ვერაფერს გახდა. ბრუნდება უკან ბარათები, აგზავნის, ბრუნდება. ფოსტამ მუნიციპალიტეტში იჩივლა: წერილები უკან რომ ბრუნდება, ფოსტას ცუდ მუშაობაში ეთვლებაო. აიღო მუნიციპალიტეტმა და დადგენილება გამოიტანა, მაგრამ საიქიოსთან ისიც ვერაფერს გახდა. ისევ ჩივილი, ისევ დავიდარაბა და ბოლოს დადგინდა: ასი და ათასი ბებია და ბაბუაა მიტოვებული უპატრონოდ, სანამ საიქიოს წასულან, ბიჭის ბარათები მათ გავუგზავნოთო! მაგრამ ბიჭმა სხვა ბავშვების ბებიების და ბაბუების მისამართები ხომ არ იცის, ეს არც მუნიციპალიტეტმა იცის. ამიტომ ბიჭი წერს წერილებს ბებიას, დადის ქალაქში, ეძებს, ვისაც ბებია და ბაბუა სადღაც შორს ჰყავს მიტოვებული და წერილებს არ უგზავნის, აწერინებს ზედ მისამართებს, მოათრევს ძალით და აგზავნინებს... ამ ბიჭს უნდა ვუმადლოთ, თორემ ამ ქალაქის ბავშვების ბებიები და ბაბუები ამდენხანს დარდით დაიხოცებოდნენ. ახლა ღებულობენ წერილებს, მათ თავიანთი შვილიშვილების გამოგზავნილი ჰგონიათ, უხარიათ, ცას უწვდებათ ხელი და რა მოჰკლავთ... 

პოლიციელმა თვალი მოჰკრა, ყაჩაღანამ ეზოდან მსუქანი, ღონიერი ბიჭი გამოათრია. ღონიერმა პირიქით შემოუტია, მაგრამ ამ დროს წესრიგის დამცველი იქვე გაჩნდა, დამბაჩა ამოიღო და ფოსტისკენ ისე წააყვანინა. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვაბამ ამ ბარათს შავ მტრედს და ვუშვებ. მე, რაკი აგრილდა, ვიკიდებ გუდანაბადს და გზას ვადგები.

კატეგორია: სხვა. | ნანახია: 2480 | დაამატა: geo-lit | რეიტინგი: 4.3/3 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz